English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ სოლომონ პავლიაშვილი ზურაბ გარაყანიძე
რუსულ-თურქული ურთიერთობა და ქართული ენერგეტიკა

რეზიუმე

საქართველოს გაზმომარაგების და მისი ტრანზიტის დივერსიფიკაციის პერსპექტივის თვალსაზრისით ამ ეტაპზე რჩება ირანი - ქვეყანა, რომელიც გაზის დაზვერილი მარაგებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა და რომელსაც სავარაუდოდ, მალე სრულიად მოეხსნება დასავლეთის სანქციები. ირანი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს მეზობელ სომხეთთან ამ ქვეყნის ტერიტორიის გავლით ენერგეტიკული რესურსების ევროკავშირისაკენ ტრანზიტთან დაკავ­შირებით. აღსანიშნავია, რომ ირანული გაზის იმპორტზე თუ ტრანზიტზე მოლაპარაკება „გაზპრომის“ გარეშე შეუძლებელია.

საკვანძო სიტყვები: ნავთობი, ტრანზიტი, გაზი, ენერგეტიკა, „გაზპრომი“.

შესავალი

2016 წლის დასაწყისში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ჩიხშია შესული თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის გამო აქა-იქ, ყარსის 1921 წლის ოქტომბრის ხელშეკრულების გაუქმებაზეც ალაპა­რაკდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ვ. პუტინი პირადად თურქეთის პრეზი­დენტის რ. ტ. ერდოღანის ოჯახს სირიელი და ერაყელი მეამბოხეებისგან კონტ­რა­ბან­დული ნავთობის მიღებაში ადანაშაულებს. რ. ტ. ერდოღანი კი, ერაყიდან თურქული ქვედანაყოფების გამოყვანის მოთხოვნაზე, ვ.პუტინს საქართველოში რუსული ჯარის შეჭრას ახსენებს...

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გასული 2015 წლის 27 დეკემბერს, შვეიცარიაში, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძესა და "გაზპრომ-ექსპორტის" ხელმძღვანელის, ელენა ბურმისტროვას შო­რის გამართული დაუგეგმავი შეხვედრის შესახებ. თუ მოვლენების ქრო­ნო­ლოგიას დავაკვირდებით, ეს არ არის „გაზპრომთან“ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა _ კონტაქტები 2015 წლის 24 ნოემბერს, თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ გახშირდა. უნდა ითქვას, რომ ეს გასაკვირი კი არა, მისასალმებელია _ თანამედროვე ეკო­ნომიკური დიპლომატიის თავისებურება სწორედ ისაა, რომ ქვეყნებმა სხვების პოლიტიკური დაპირისპირებიდან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი მიი­ღონ. ამ ახალ დიპლომატიურ სწავლებას თანამედროვე მკვლევრები უკვე სპე­ციალურ დისციპლინად _ „გეოეკონომიკად“ მოიხსენიებენ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური სამართლიანად მიუთითებს რომ, თუკი არსებობს შანსი, საქართ­ვე­ლომ რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან სარგებელი მიიღოს, ქვეყანამ ამაზე უარი არ უნდა თქვას: "...შეფასება სხვათა დაპირისპირებაზე კარგი ტონი არ არის, მაგრამ, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენ უნდა ამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. ახლა თუ რეალურად არის შანსი, რომ საქართველომ სარგებელი მიიღოს, თუნ­დაც ეკონომიკური, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი, მე ვერ ვიგებ.“

ქართული პრესა ყოველთვის ღიად წერდა თურქეთის პოზიციაზე რუ­სეთ-საქართველოს 2008 წლის ომის და ომის შემდგომ პერიოდში. კერძოდ, ცნო­ბილია, რომ ომის დროს თურქეთის მთავრობამ შეერთებული შტატების მიერ გამოგზავნილ ორ გემს თურქულ სრუტეებში შესვლის უფლება არ მისცა. ამისთვის თურქულმა მხარემ 1936 წლის ე.წ. მონტროს კონვენცია გამოიყენა, რომლის თანახმადაც ამერიკული გემების მოცულობა არ შეესაბამებოდა კონ­ვენციით დადგენილ სტანდარტებს. შეერთებული შტატები იძულებული გახდა, საქართველოს მიმართულებით შედარებით მცირე ზომის გემები გამოეგზავნა.

ომის დამთავრებისთანავე, 2008 წლის 13 აგვისტოს თურქეთის მაშინ­დელ­მა პრემიერმა რ. ტ. ერდოღანმა მოსკოვში ვიზიტისას საზოგადოებას ახა­ლი ინიციატივა გააცნო, რომელიც „კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომ­ლობის პლატფორმის” სახით მოგვევლინა.

ერთი შეხედვით, ინიციატივის ამოცანას რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთ­ხოებისა და ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. როგორც მაშინ რ. ტ. ერდოღანმა აღნიშნა, ეს ინიციატივა უკვე შეთანხმებული იყო რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან. მეორე მხრივ, ,,პლატფორმა” უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად მხოლოდ კავ­კასიის რეგიონის ქვეყნების გაერთიანებას გულისხმობდა, რაც მიანიშნებდა რეგიონიდან სხვა გარე მოთამაშეების გამოთიშვას. ამ მოთამაშეებში კი, პირ­ველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოიაზ­რე­ბოდ­ნენ.

2009 წლის 10 ოქტომბერს ქ. ციურიხში, თურქეთისა და სომხეთის საგა­რეო საქმეთა მინისტრებმა ე.წ. „საფეხბურთო დიპლომატიის“ პროცესის შე­დე­გად (სომხეთის პრეზიდენტმა მიიწვია თურქი კოლეგა 2008წ. 6 სექტემბრის მატჩზე სომხეთისა და თურქეთის ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის, რითაც სათავე დაედო ე.წ. “საფეხბურთო დიპლომატიას”. 2009წ. აპრილში ცნობილი გახ­და, რომ თურქეთი და სომხეთი შეთანხმდნენ ე.წ. “საგზაო რუკის” თაო­ბა­ზე, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების მოგვარების კონკრეტულ ღონისძიე­ბებსა და ეტაპებს მოიცავდა) ხელი მოაწერეს ოქმებს, რომელთა საფუძველზე მყარდებოდა დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და იხსნე­ბო­და თურქეთ-სომხეთის საზღვარი, რომელიც თურქულმა მხარემ ჩაკეტა 1993 წელს, ყარაბაღის ომის პერიოდში. საბჭოთა დროს ამ საზღვარს კვეთდა თბი­ლისი-გიუმრი-ყარსის რკინიგზა და მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი გიუმრი-ყარსი. სხვათა შორის, თბილისი-გიუმრი-ყარსის რკინიგზა თითქმის 1 ათა­სი კმ-ით მოკლეა, ვიდრე თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა და აზერ­ბაიჯანი-საქართველო-თურქეთის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელი (BSTN). ერევანისა და ანკარას ამ ურთიერთხელსაყრელ დაახლოებას ხელი შეუ­შალა აზერბაიჯანის მტკიცე პოზიციამ და საფრანგეთის სახალხო კრების მიერ ოსმალეთში სომეხთა გენოციდის აღიარების ფაქტმა. ზემოაღნიშნულიდან აშკარაა, თუ როგორ სწრაფად გადაიხარა ომის დამთავრებისთანავე ნატოს წევრი თურქეთის გეოეკონომიკური „ინტერესების ვექტორი“ ჩრდილოეთისკენ...

მეტიც, საქართველოს მცდელობა, თურქეთთან შეემუშავებინა დოკუმენ­ტი, რომელიც თურქეთის პარტნიორობას ოკუპირებულ აფხაზეთთან ლეგიტი­მურ ხასიათს შესძენდა, 2010 წელს უშედეგოდ დასრულდა. ეს ფაქტი ეკონო­მიკური ურთიერთობების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და თურ­ქეთს შორის ღიად ტოვებს.

2009 წლიდან გააქტიურდა თურქეთიდან აფხაზეთში ვიზიტები. სოხუმში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ა. სევიკოზი ჩავიდა. მაშინ, აფხაზებთან გამართული შეხვედრების დროს, თურქეთ-აფხაზეთის ეკონომი­კური პარტნიორობა განიხილეს.

2011 წელს აფხაზეთს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავ­კასიის დეპარტამენტის ხელძღვანელი ნ. ბაიაკტარი საქართველოში თურქეთის ელჩ ლ. მ. ბურჰანთან ერთად ეწვია. სამუშაო ჯგუფების შეხვედრის მიზანი კვლავ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება იყო. თურქეთი იმედოვ­ნებ­და: “...განეხილა აფხაზეთთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირების დამყარების საკითხი”.

2014 წელს სოხუმს ესტუმრა ორი თურქული დელეგაცია ჟურნალის­ტე­ბისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სახით. 2015 წელი კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვ. ჩარიკბას თურქეთში ვიზიტით დაიწყო. მან შეხვედრები გამართა თურქეთის მმართველი პარტიის “სამართლიანობა და განვითარების” თავმჯდომარის მო­ად­­გილესთან, ასევე ბიზნესმენებთან და ანკარის ერთ-ერთი რაიონის _ გიოლბაშის მერთან.

რუსულ-თურქული ენერგეტიკული ლაბირინთები, ირანი და საქართველო

რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გეოეკო­ნომიკურ პერსპექტივებზე აისახება. აღსანიშნავია, რომ თურქეთი ახორციე­ლებს მოხმარებული ბუნებრივი აირის 98%-ის, ნავთობის 92%-ის და ქვანახ­ში­რის - 20%-ის იმპორტს. აქედან, რუსეთიდან ყიდულობს გაზის 60%-ს, ნავთობის 35%-ს და ქვანახშირის 30%-ს. ამ ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 31% ბუნებრივი აირით გენერირდება. გაზისა და ელექტროენერგიის ნაწილს ეს ქვეყანა საქართველოდან იღებს...

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის (BSTN) პროექტის ლო­გიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერ­თიანი ქსელის ჩამოყალიბებას იმ მიზნით, რომ, საბოლოო ჯამში, შეიქმნას რეგიონული ენერგეტიკული ბაზარი.

ამის შესახებ კ. კალაძემ 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში ენერგე­ტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის სესიაზე _ "რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა ენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გზით", სიტყვით გამოსვლისას განაცხადა _ „საქართველომ ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის (BSTN) პროექტი განახორციელა, რომლის ოპერირებაც 2013 წელს დაიწყო. ამ პრო­ექტით გაძლიერდა საქართველოს გადამცემი სისტემის კავშირი მეზობელი სახელმწიფოებისკენ, განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით და უზრუნ­ველ­ყოფს რეგიონში ელექტროენერგიის ექსპორტის, იმპორტის და სატრანზიტო ოპერაციების საიმედობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინ­ფრასტრუქტურული პროექტი ენერგეტიკაში და მიზნად ისახავს საქართველოსა და თურქეთის ელექტროგადამცემ ქსელებს შორის 700 მვტ სიმძლავრის ურთი­ერთკავშირის უზრუნველყოფას.“ ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „...შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის (BSTN) პროექტის ლოგიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთიანი ქსელის ჩამოყა­ლიბებას იმისათვის, რომ რეგიონული ენერგეტიკული ბაზარი შეიქმნას“. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის რეალური ტექნიკური საფუძველი არსებობს, მაგრამ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებმა ის შეიძლება შეაფერხოს.

კერძოდ, სომხეთის „მეცამორის“ ატომური ელექტროსადგური იმაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ქვეყანას სჭირდება და ახორციე­ლებს ელექტროენერგიის ირანში ექსპორტს, რის სანაცვლოდაც იღებს გაზს (ეს ოპერაცია უფრო ბარტერული გაცვლაა, ვიდრე ექსპორტი). „როსატომი“, რომელსაც ეკუთვნის „მეცამორის“ აქციები, 2016 წელს აპირებს სადგურის ამჟამად მოქმედი 407.5 მვტ სიმძლავრის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის 10 წლით გახანგრძლივებას. „მეცამორი“ ყოველწლიურად გამოიმუშავებს 2.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც სომხეთის გენერაციის 35%-ია. სა­ქართველო, რომლის ენერგობალანსში ჭარბობს ქვეყნის დასავლეთში მდებარე ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია, საჭიროებს მის დაბალანსებულ მიწო­დებას აღმოსავლეთში მდებარე მომხმარებლებისთვის. ამ მიზნით შემუშა­ვებუ­ლია საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების სამეტაპიანი (2015-2025) სტრატეგია. აზერბაიჯანის ელექტროენერგეტიკა ბოლო წლებში სულ უფრო მეტ გაზს იყენებს, რის გამოც ის გენერაციისა და მოხმარების მეტ-ნაკლებად დაბალანსებულ დარგს წარმოადგენს.

თუმცა, რუსეთისა და თურქეთის ელექტროენერგეტიკასთან სამხრეთკავ­კასიის ქვეყნების მიღწევები შედარებით მოკრძალებულია. თურქეთის ელექტ­რო­ენერგიის მოხმარება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ის ძირითადად ეყრდნობა წიაღისეული საწვავით მომუშავე თბო­ელექტროსადგურების გენერაციას. დაგეგმილია სამი ატომური ელექტრო­სად­გურის აგება. რუსეთის „როსატომს“ უკვე დაწყებული აქვს „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე _  ქ. მერსინთან აშენება. ის 4 რუსული _ 1200 ენერგობლოკისგან უნდა ყოფილიყო აღჭურვილი. თუმცა, ბოლო დროს გართულებული ურთიერთობების გამო, ეს პროექტი შეჩერებუ­ლია, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ მხარეს იქ უკვე სერიოზული ინვესტი­ციები აქვს განხორციელებული. ასევე, 2017 წელს იგეგმება იაპონურ-ფრანგუ­ლი კონსორციუმის მეორე მასშტაბური ატომური პროექტის დაწყება და 2019 წელს ჩინური კონსორციუმის მიერ მესამე ატომური სადგურის მშენებლობა.

ამდენად, 2020 წლისთვის, როდესაც სამივე ეს ბირთვული რეაქტორი დაიწყებდა ფუნქციონირებას, თურქეთი ხდებოდა რეგიონის გენერაციის ცენტ­რი. რუსეთი კი გადაიქცეოდა შავიზღვისპირეთის რეგიონის ატომური სექტო­რის მთავარ ინვესტორად. თვით რუსეთს აქვს 34 რეაქტორი ფედერაციის 10 სხვადასხვა რეგიონში. ატომური სექტორი გენერირებს 24 ათას მვტ სიმძლავ­რეს. რუსეთის მოძველებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, მთავრობამ გამოაცხადა ძირითადი სიმძლავრეების გაფართოების გეგმა. იგი აანონსებს, რომ 2030 წელს აპირებს ელექტროენერგიის 30%-ის ატომურ სადგურებზე მირე­ბას, 2050 წელს _ 50%-ისას.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის ივნისში ხელმოწერილი საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს 75 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აწერს, საქართველოს ელექტროენერგიის რეგიონულ ბაზარზე „ჰაბის“ პერსპექტივას უსახავს. საქართველოს ამის რეალური პოტენციალი მართლაც აქვს. ბატონი კ. კალაძე მიუთითებს, რომ „...დღეს საქართველომ დაასრულა 500 კვტ გადამცემი ხაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია რუსეთთან და აზერბაიჯანთან. მალე დასრულდება 500 კვტ ხაზის მშენებლობა სომხეთთან“. მაგრამ თურქეთს სომხეთი და რუსეთი ელექტროენერგიას ახლო მომავალში არ მიაწვდიან. ამი­ტომ საქართველოს მოუწევს მეტი გენერაცია ამ მეზობელ ქვეყანაში ელექტრო­ენერგიის ექსპორტისთვის. ამჟამად საქართველო ამ მიზნით ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სერიოზულ გეგმებს, თუმცა ამ მხრივ ბევრი ეკოლოგიური პრობლემაა.

შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში პოტენციური პარტნიორე­ბის პოლიტიკური უთანხმოების ფონზე ერთიანი რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის ფორმირება? სავარაუდოდ, არა. საქმე ისაა, რომ სომხეთი და აზერ­ბაი­ჯანი მთიან ყარაბაღში 1990-იანი წლების ომის შემდეგ, მხოლოდ 1994 წლის გაეროს ეგიდით გამართული ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების შემდეგ ინარჩუნებენ მყიფე მშვიდობას. რუსეთ-საქართველოს სუსტი ეკონომიკური ურთიერთობები, 2008 წლის ომის შემდეგ, მხოლოდ ახლა იწყებს განვითა­რე­ბას. ამდენად, მართალია, რეგიონის ერთიანი ელექტროენერგეტიკული ბაზ­რის პოტენციალისა და პერსპექტივის დასახვა მისასალმებელია, მაგრამ, სავარაუ­დოდ, ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე საუბარი იყო რეგიონული ენერგობაზრის უფრო საშუალოვადიან მომავალზე და არა უახლოეს პერსპექტივაზე.

ამრიგად, თურქეთის ელექტროდეფიციტურ აღმოსავლეთ ვილაიათებში, აზერბაიჯან-სომხური დაპირისპირების გამო, სომხეთიდან ელექტროენერგიის მიღება შეუძლებელია. ახლა უკვე რუსეთ-თურქეთის გამწვავებული ურთიერთო­ბების გამო ახალციხე-ბორჩხას ხაზით თურქეთი „კავკასიონით“ ვეღარ მიიღებს რუსულ ელექტროენერგიას, რაზეც, რფ-ს ენერგეტიკის მინისტრობისას, ა. ჩუბაისი ოცნებობდა. ასეთ პირობებში ელექტროენერ­გეტიკული „ჰაბის“ _ ანუ ყველა მიმართულების სპეციალიზებული გამანაწილებელი ცენტრის როლს საქართველო უახლოეს მომავალში ვერ შეასრულებს.

ნავთობი ანუ რა შუაშია შვეიცარიელები?

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ყველაზე ნეგატიურად შეიძლება კას­პიის რეგიონის ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებაზე აისახოს. ამჟამად ყაზახეთის „თენგიზის“ საბადოდან საერთაშორისო კონსორციუმის _ „თენგიზშევროილის“ ნავთობი ექსპორტზე რუსეთის პორტებიდან შავი ზღვით ე.წ. თურქული სრუტეების, - ბოსფორისა და დარდანელის გავლით გადის. 2015 წლის 8 დეკემბერს ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა ერბოლატ დოსაევმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ახალ, 2016 წლის დეკემბერში იწყება ყაზახეთის კასპიის სექტორში მდებარე ოფშორული „კაშა­განის“ გიგანტური საბადოდან ნავთობის კომერციული მოპოვება. ეს საბადო ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი გახსნა ორჯერ გადაიდო საზღვაო მილსადენზე მომხდარი ავარიების გამო. მინისტრის ინ­ფორმაციით, იმავდროულად დასრულდება რუსულ-ყაზახურ-ამერიკულ-იტა­ლი­ური „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ (CPC) თენგიზი-ატირაუ-ნოვო­რო­სიისკის მარშრუტის ნავთობსადენის რეკონსტრუქცია, რომლითაც მოხდება „კაშაგანის“ ნავთობის შავ ზღვამდე ტრანსპორტირება. ამ ნავთობსადენის ახ­ლან­დელი წლიური წარმადობა _ 28 მლნ ტონა, უნდა გაიზარდოს 67 მლნ ტო­ნამდე.

CPC-ს რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს 10 ახალი ნავთობ­სა­ტუმბი სადგურის აგებას (2 _ ყაზახეთის, 8 _ რუსეთის ტერიტო­რიაზე) და არ­სე­ბული 5-ის მოდერნიზებას. რუსეთში გათვალისწინებულია 6 ახალი ნავთობ­ტერ­მინალის (თითოეული 100 ათასი კუბ.მ მოცულობის) აშენება და მესამე გასატანი საზღვაო ნავმისადგომის შექმნა ნოვოროსიისკთან. ყაზახეთში მიმდი­ნარეობს ნავთობსადენის მილის 88 კმ-იანი მონაკვეთის დიდი დიამეტრის მი­ლით შეცვლა. რეკონსტრუქციაში კონსორციუმის მიერ ჩადებული მთელი ინვესტიცია მიაღწევს 5.4 მლრდ დოლარს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ სამუშაოების განხორციელების მიუ­ხე­დავად, რუსეთ-თურქეთის „ცივი ომის“ შედეგად ზემოაღნიშნული პროექტი დიდი გამოწვევის წინაშეა. პირველი „საგანგაშო სიგნალი“ ჯერ კიდევ 2011 წელს გაისმა, როდესაც ნოვოროსიისკთან, ქ. კრიმსკის რაიონში, წყალდიდობამ CPC-ს ახალი ნავთობტერმინალები წალეკა...

მეორე გამოწვევაა მოსკოვი-ანკარას ახლანდელი დაძაბულობა, რასაც ეკოლოგიური „ცივი ომიც“ ამძაფრებს. საქმე ისაა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის CPC-ის რეკონსტრუქციის დასრულება თურქეთის სრუტეების დატვირთვას მი­ნიმუმ სამჯერ გაზრდის. ამჟამად ბოსფორის სრუტით, ქ. სტამბულის ცენტრში ყოველ 12 წუთში საოკეანო ლაინერი გადის, რომელთაგან ყოველი მესამე ტან­კერია. ერთი წლის შემდეგ CPC-დან ბოსფორში უკვე ყოველ 4 წუთში მოხ­დება გემის გაგზავნა!

თურქეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ 1994 წლიდან, კვიპროსის ტანკე­რის „ნასსიას“ ავარიის შემდეგ, ცდილობს, არ დაუშვას ბოსფორის გადა­ტვირ­თ­ვა. ანკარა ძალებს არ ზოგავს, რომ სრუტეში მცურავი ტანკერების რიცხვი როგორმე შეამციროს, რათა გიგანტური მეგაპოლისის ცენტრში ნავთობის ჩაღვ­რის რისკი შემცირდეს. ამიტომ, მონტროს 1936 წლის და გაეროს 1982 წლის საზღვაო კონვენციების მოთხოვნების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფ­ლება ყველანაირად ხელს უშლის ტანკერების მოძრაობას. მან ხან 200 მეტრზე გრძელი ტანკერების დღის ნათელი ნაწილის განმავლობაში მხოლოდ ბუქსი­რებისა და ლოცმანების თანხლებით ცურვა დააკანონა, ხან მხოლოდ ორფსკე­რიან ტანკერებს დართო სრუტეებში ცურვის ნება, ხან სამსუნ-ჯეიჰანის და ბურგას-ალექსანდროპულოსის სახმელეთო ნავთობსადენების აგების ინიციატი­ვით გამოვიდა, ხანაც 30 მლნ დოლარიანი „სრუტეების ეკოლოგიური ფონდის“ შემოღება გამოაცხადა, მაგრამ ამაოდ. ამას ზემოხსენებული CPC-ის რეკონსტ­რუქციის პროექტი დაემატა. ის რეგიონის ყველა აქტორის _ თურქეთის, რუსე­თის და კასპიის ზღვის აუზის ენერგომწარმოებლების ინტერესებს თანაბრად ვერ აკმაყოფილებს. სავარაუდოდ, რუსეთ-თურქეთის გამწვავებული ურთიერთო­ბების ფონზე, 2016 წლის ბოლოს აქ ე.წ. „დიდი ყაზახური ნავთობის“ შემოსვ­ლა სულ აურევს სიტუაციას, რამაც შესაძლოა სრუტეების დაკეტვა გამოიწ­ვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია კასპიის ნავთობის ახა­ლი ალტერნატიული მარშრუტის შექმნა, რომელიც ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით, ნაკლებ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ალტერნატიულ მარშრუტად მიგვაჩნია ყაზახური ნავთობის გაგზავნა რუსეთ-საქართველო-თურ­ქეთის მარშრუტით, აფხაზეთის მონაკვეთით. თუ დროზე გაფორმდება შესა­ბამისი კონტრაქტი, ეს გადაზიდვა უკვე მსო-სთან შეთანხმებული შვეი­ცა­რუ­ლი კომპანიის _  SGS-ის მეთვალყურეობით მოხდება. ეს მარშრუტი 2016 წლის ბო­ლოს­თვის ბევრად მომგებიანი იქნება, ვიდრე არსებული პროექტები. ასეთი პროექტი XX ს. 90-იან წლებში საკმაოდ აქტუალური იყო და ნავთობის რუ­სე­თი­დან საქართველოს სანაპირო ხაზზე, აფხაზეთის გავლით, თურქეთში გა­დაზიდვას ითვალისწინებდა. მაშინ ამ ინიციატივით პრეზიდენტი ე. შევარდ­ნაძე გამოვიდა.

რუსი ექსპერტების გათვლებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ამუშავებით (2006 წელი) რუსეთმა 5 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა, რადგან მნიშვნელოვნად შემცირდა აზერბაიჯანიდან ნოვოროსიისკში ნავთობის ექსპორტი. იმავე ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთმა დაახლოებით 3 მილი­არდი დოლარი დაკარგა 2007 წელს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზის მარშრუ­ტის ამოქმედებითაც. მეტიც, თურქეთის მიერ სრუტეებზე ეკოლოგიური შეზ­ღუდ­ვების დაწესებით 2016 წლის ბოლოდან ყაზახეთისა და რუსეთისთვის ნავთობის თურქული სრუტეებით გადაზიდვა არარენტაბელური გახდება. ამას­თან, 2016 წლის რფ-ს ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვ. პუტინმა 2015 წლის 15 დეკემბერს მოაწერა ხელი, შედგენილია ბარელ ნავთობზე 50 დოლა­რის ფასის გათვალისწინებით. ხელმოწერის მომდევნო დღეს, 16 დეკემბერს, ნავთობის მსოფლიო ფასები ბარელზე უკვე 37-38 დოლარის ფარგლებში იყო! დღეს ბარელ ნავთობს მხოლოდ 33 დოლარად ყიდიან... ამიტომ მსო-ს ეგიდით, შვეიცარიული SGS-ის კონტროლქვეშ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთით და ბაქო-თბილის-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზით ყაზახური ნავთობის ტრანსპორ­ტი­რების შემთხვევაში, მოსკოვმა ადრინდელი დანაკარგები შეიძლება აღიდგი­ნოს და მომავალი დანაკარგები  გაანეიტრალოს. აქედან გამომდინარე, ეს მარ­შ­რუტი რუსეთის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს.

ვინაიდან შემოთავაზებული მარშრუტი აფხაზეთის ტერიტორიაზე გაივ­ლის, რუსულ-ყაზახური ნავთობის გადაზიდვის ამ ალტერნატივის განხორციე­ლებას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას რუსეთ-საქართველოს შორის აფხაზეთთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება, ნეიტრალური შვეი­ცა­რიული კომპანია SGS-ის მეშვეობით, შეიძლება რეალობად იქცეს. მიგვაჩნია, რომ არ არის გამორიცხული, ამ საკითხზე გაიმართოს რუსეთ-საქართველო-თურქეთ-ყაზახეთს შორის მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების დაწყების შემთხ­ვევაში საქართველოს საშუალება მიეცემა, აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთს კონკრეტულ ენერგეტიკულ პროექტზე ესაუბროს დსთ-ს ისეთი გავლენიანი წევრის მხარდაჭერით, როგორიც ყაზახეთია. აღნიშნული პროექტი საკმაოდ რენტაბელურიც იქნება, რადგან რკინიგზა ბოსფორის ქვეშ არსებულ მარმა­რაის გვირაბით, საზღვაო ბორანის გარეშე დაუკავშირდება ევროპას, რაც, ამ დარგის სპეციალისტების აზრით, ფინანსურად ხელსაყრელია...

ნავთობის ტრანზიტით რუსეთი და საქართველო დამატებით სატრანზი­ტო შემოსავალსაც მიიღებენ. თუმცა საჭიროა, კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების პირობებში, ნავ­თობის გადაზიდვის ახალი, ალტერნატიული მარშრუტის განხორციელება ძალიან რთული იქნება. საჭიროა, ამ პროექტში მსო-ს წევრი ყაზახეთის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ენერგეტიკული უწყებებიც ჩაერთვნენ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

ამიტომ, საქართველოსთვის უფრო გამართლებულია გაზის სფეროში ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო ურთიერთო­ბე­ბის განვითარება. სავარაუდოდ, ამითაა განპირობებული საქართველოს მთავრობის „გაზპრომთან“ კონტაქტების ინტენსიფიკაცია.

ბუნებრივი აირი. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები ყველაზე მეტად გაზის სექტორში იყო განვითარებული. დღეს ანკარა ცდილობს, მოხმარებული გაზის 60%-ის მოცულობის მომწოდებელი „გაზპრომი“ ჩაანაცვლოს ბუნებრივი აირის სხვა წყაროებით. თურქეთი გეგმავდა, რუსული აირის დიდი ნაწილი უახ­ლოესი 10 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გენერაციისათვის გა­მოე­ყენებინა. ამ მიზნისათვის და გაზის ნაწილის ევროპაში გასატანად 2014 წლის ბოლოს „თურქული ნაკადის“ აშენება გადაწყდა. რუსულ თვითმფრი­ნავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში მოსკოვმა გამოაცხადა „თურქული ნაკადის“ გაზსადენის პროექტის შეჩერება, რომლის პირველი 15.5 მლრდ კუბ.მ-ის წლიური წარმადობის მილი თურქეთის გაზმომარაგებისათვის, ხოლო მეორე ასეთივე მილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევ­რო­პის ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი. თურქეთი რუსული გაზის მოხმა­რებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამიტომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღების შეჩერება რუსეთის ბიუჯეტსაც სერიოზულად დააზარალებს...

გარდა რუსეთისა, თურქეთი მოხმარებული ბუნებრივი აირის 30%-ს თავ­რიზი-ერზერუმის გაზსადენით ირანიდანაც იღებს. თუმცა, ზამთრის თვეებში, ირანის შიდა მოხმარების ზრდის კვალობაზე, ზოგჯერ გაზმომარაგება წყდება და თურქეთის აღმოსავლეთის პროვინციები რუსული „ცისფერი ნაკადის“ და „სამხრეთკავკასიური გაზსადენის“ ამარა რჩებიან (თურქეთის დასავლეთის რეგიონი რუსეთიდან ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს აგებული, „ტრანსბალკანური გაზსადენით“ მარაგდება). ამასთან, საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავ­კა­სიური გაზსადენი“ თითქმის სანახევროდაა შევსებული. მაგალითად, 2013 წელს მასში მხოლოდ 4.5 მლრდ კუბმეტრ გაზმა გაიარა, ხოლო 2014 წელს _ 6 მლრდ. კუბ.მ. ამ მილით თურქეთისკენ გაზის ნაკადის ზრდა დაგეგმილია 2018 წლიდან, როცა თურქეთში „ტრანსანატოლიური გაზსადენი“, როგორც ევრო­კავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შემადგენელი ნაწილი, ამუშავდება.

2015 წლის დეკემბრის პირველ კვირას თურქეთის პრემიერი ა. დავუთო­ღლუ ბაქოში შეხვდა პრეზიდენტ ი. ალიევს. გადაწყდა „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ მშენებლობის დაჩქარება. თუმცა, იმავე დეკემბრის პირველ კვი­რაში პრეზიდენტი რ. ტ. ერდოღანი ყატარში ჩავიდა და გააფორმა მემო­რან­დუმი ამ ქვეყნიდან თურქული სახელმწიფო ენერგოკომპანია „ბოტაშისთ­ვის“ თხევადი გაზის (LNG) გრძელვადიან მიწოდებაზე. ამასთან, გაზის შეთანხ­მე­ბული მოცულობების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გახმაურებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთი ინარჩუნებს „სამხრეთის გაზის დერეფ­ნისადმი“ უნდობლობას და თავს თხევადი გაზით „იზღვევს.“

ამჟამად თურქეთი თხევად გაზს ალჟირიდან და ნიგერიიდან იღებს, წლი­ურად, შესაბამისად, 4.4 და 1.2 მლრდ კუბ.მ მოცულობებით, მაგრამ ქვე­ყა­ნას გაუჭირდება უფრო მეტის იმპორტი, რადგან აქვს მხოლოდ ორი, ჯამურად 1.5 მლრდ კუბ.მ ტევადობის ტერმინალი _ მარმარა ერეგლისიში და ეგეგაზ ალიაგაში. გარდა ამისა, თურქეთს, ევროკავშირის მსგავსად, უჭირს რუსული გაზის ალტერნატივის მოძებნა. მართალია, აღმოსავლეთ ხმელთა­შუაზღვის­პი­რე­თის გაზის ახლადაღმოჩენილი საბადოები მომავალში შეიძლება თურქეთის მომარაგების წყარო გახდეს, მაგრამ საბერძნეთთან და ეგვიპტესთან მოუწეს­რიგებელი პოლიტიკური ურთიერთობები და ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაცია, ანკარას სამხრეთიდან გაზმომარაგების რეალურ პერსპექტივას უსპობს. თუმცა, ბოლო დროს იკვეთება დაზვერილი გაზით მდიდარ ისრაელთან ურთიერ­თო­ბების ნორმალიზაციის კონტურები. ეს ყველაფერი თურქეთს გაზის „ჰაბის“ როლის შესრულებას გაურთულებს, რაც, სამწუხაროდ, საქართველოზე კასპიისპირეთის გაზის ტრანზიტის პერსპექტივაზეც ნეგატიურად აისახება.

დასკვნა

ამრიგად, საქართველოს გაზმომარაგების და მისი ტრანზიტის დივერ­სი­ფიკაციის პერსპექტივის თვალსაზრისით ამ ეტაპზე რჩება ირანი _ ქვეყანა, რომელიც გაზის დაზვერილი მარაგებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა და რომელსაც, სავარაუდოდ, მალე მოეხსნება დასავლეთის სანქციები. ირანი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს მეზობელ სომხეთთან ჰიდროკარბონების ამ ქვეყნის ტერიტორიის გავლით ევროკავშირისაკენ ტრანზიტთან დაკავშირებით.

დღევანდელ პირობებში, ადგილი, სადაც რუსეთის, ირანისა და კასპიის­პირეთის გაზის დასავლური მარშრუტები იკვეთება, არის საქართველო. კერ­ძოდ, საქართველოში გადის „ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსა­დე­ნი“, რომელიც რუსეთის ქ. მოზდოკიდან საქართველოს ტერიტორიით სომხეთს უკავშირდება. ის გარდაბანსა და ჯანდარას შორის კვეთს „სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს“ (SCP), რომლითაც ამჟამად „შაჰ-დენიზის“ პირველი სტადიის გაზი 2007 წლიდან არა მარტო თურქეთს, არამედ მისი გაზის ქსელით, მცირე რაო­დენობით (წლიურად 700 მლნ კუბმეტრი) ევროკავშირის წევრ ქვეყანას _ საბერძნეთსაც მიეწოდება.  SCP გაზსადენიდან საქართველო, სატრანზიტო მო­საკ­რებლის სახით, გატარებული გაზის 5%-ს იღებს უფასოდ, 5%-ს _ შეღა­ვათიან ფასად.

„მაგისტრალური გაზსადენი“ ორი დაწყვილებული მილისგან შედგება. ძირითადი მილის დიამეტრია 1200 მმ, ხოლო სათადარიგოსი _ 700 მმ. დღეს ამ გაზსადენის ძირითადი მილით გაზი სომხეთს მიეწოდება, ვინაიდან საქართ­ვე­ლო 2007 წლიდან „შაჰ-დენიზი 1“-ის გაზით მარაგდება.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ ეს გაზსადენი, საპროექტო სიმძლავრესთან შედარებით (წლიურად 18 მლრდ კუბმეტრი), გაცილებით ნაკლები დატვირთვით (1.44-1.93 მლრდ კუბმეტრი) მუშაობს. თუმცა საბჭოთა პერიოდშიც მისი დატ­ვირთვა არ აჭარბებდა წლიურად 9.5 მლრდ კუბმეტრს. ამჟამად, „მაგისტ­რალური გაზსადენიდან“ ტრანზიტის საფასურად „საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“ იღებს გატარებული რუსული გაზის 10%-ს, რაც 2008-2015 წლებში 144-193 მლნ კუბმეტრის ფარგლებში მერყეობდა. ეს კი საქართველოს გაზის მოხმარების 11.0-11.2%-ია.

სომხეთის კონტროლის პალატის ქვეყნის 2009-10 წწ. ენერგოსისტემის შემოწმების მასალებიდან ირკვევა, რომ სომხეთში იმპორტირებული ირანული გაზის ნაწილი საქართველოსაც მიეწოდება, რის სანაცვლოდაც სომხეთში «ერევნის თბოელექტროსადგური» საქართველოდან იღებს ელექტროენერგიას თანაფარდობით _ 1 კუბმეტრ ირანულ გაზში 4.5 კვტ/სთ ელექტროენერგია. სომ­­ხეთ­ში იგივე ელექტროსადგური 1 კუბმეტრ ირანულ გაზში, რომელიც „არმროსგაზპრომის“ «თავრიზი-მეგრის» გაზსადენით მიეწოდება, ირანს უბ­რუნებს 3 კვტ/სთ ელექტროენერგიას (?!). ნათელია, რომ «ერევნის თბო­ელექტრო­სადგური» საქართველოში გატანილსა და ირანიდან მიღებულ გაზის ყოველ კუბმეტრს შორის 1.5 კვტ/სთ ელექტროენერგიის ტოლ სხვაობას იღებს. ამის შედეგია რომ, თუ 2009 წელს «ერევნის თბოელექტროსადგურმა» საქართ­ველოში 259 მლნ დრამის გაზი შემოიტანა, უკვე 2010 წელს ეს მაჩვენებელი გაათმაგდა და 2.2 მლრდ დრამი შეადგინა, რამაც სომხეთს საკმაოდ დიდი რაოდენობით ქართული ელექტროენერგია მისცა. ზემოაღნიშნულიდან შეიძ­ლება დავასკვნათ, რომ „მაგისტრალური გაზსადენის“ ერთ-ერთი მილით სა­ქართ­ველოს ირანული გაზის მცირე რაოდენობა პერიოდულად უკვე მიეწოდება.

თუ ვთქვათ, ამ გაზსადენის 1200 მმ-იანი მილი ქ. გარდაბანთან  SCP-ს დაუკავშირდება, მაშინ ის შესაძლებელია გადაიქცეს რუსული გაზის ერთი ნაწილის, რომელიც ადრე „თურქული ნაკადისათვის“ იყო გათვალისწინებული, დასავლეთისკენ საექსპორტო ახალ მარშრუტად. ეს გაზი,  SCP-ს გავლით, შემდგომ «ტრანსანატოლიური გაზსადენით“ და „ტრანსადრიატიკით“ (TAP), თურქეთიდან ევროპაში გაიგზავნება. ამავე 1200 მმ-იანი მილის მეორე ბოლოთი იმავე ჰაბში შესაძლოა, უკვე რევერსით, ირანული გაზის სომხეთის გაზის ქსელის გავლით მიღება. ეს კავშირი რუსულ, ირანულ და ევროპულ პროექ­ტებს ურთიერთშემავსებელს გახდის, რითაც საქართველომაც შეიძლება სარგე­ბელი ნახოს. კერძოდ:

ჯერ ერთი, ამ გზით გაიზრდება საქართველოზე გამავალი რუსული, აზერბაიჯანული და ირანული გაზის ნაკადები. შესაბამისად, მოიმატებს ქვეყა­ნაში უფასოდ და შეღავათიანად დარჩენილი გაზის მოცულობა. ამით შეივსება ნახევრად დაუტვირთავი  SCP და „მაგისტრალური“ გაზსადენები და საქართვე­ლოს სატრანზიტო ამონაგები გაიზრდება ისე, რომ დამატებით ხარჯების გაწევა არც ქვეყნის ბიუჯეტიდან და არც დასავლეთელი დონორების მხრიდან საჭირო არ იქნება, აუცილებელი იქნება მხოლოდ მილების გადაკვეთაზე _ ქ. გარდაბანთან, სოფ. ჯანდარაში ე.წ. ინტერკონექტორის აგება.

მეორე, გაიზრდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, რადგან  SCP-სთან მიერთებით რუსეთი დაინტერესდება „მაგისტრალური გაზსადენის“ მაქსიმა­ლუ­რად შევსებით და მისი გამართული მუშაობით, რადგან ეს მილი რუსეთს ახალი მარშრუტით მაღალი წარმადობის დასავლურ საექსპორტო გაზსადე­ნებ­თან დააკავშირებს. ასევე, გაიზრდება დასავლეთის მიერ საქართველოს უსაფ­რთ­ხო სატრანზიტო დერეფნად გამოყენების ინტერესი, რადგანაც საქართველო გადაიქცევა გაზმომარაგების რეგიონულ კვანძად.

მესამე, SCP-სა და „მაგისტრალური“ გაზსადენების ურთიერთდაკავ­ში­რე­ბა ირანისა და სომხეთის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს. ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ ირანი აპირებს სამჯერ გაზარდოს გაზის ექსპორტი და მსოფლიო გაზით ვაჭრობაში თავისი წლი 2%-დან 2016 წლისათვის 10%-მდე გაზარდოს. ჩინოვნიკმა ხაზი გაუსვა, რომ ამას თეირანი თავისი გაზის რუსეთში (რომელი მილით, უცნობია?!) და სხვა მეზობელ ქვეყნებში გატანით შეეცდება.

კერძოდ, ზოგიერთი ქართველი სპეციალისტის ნაშრომში მითითებულია, რომ „მაგისტრალური გაზსადენის“ ძირითადი მილი, რომლითაც ის ქ. გარ­დაბანთან  SCP-ს შეუერთდება, შესაძლებელია მეორე ბოლოდან რევერსით, თავ­რიზი-მეგრის გაზსადენის და სომხეთის გაზის ქსელის გავლით, გახდეს გარდაბნის მომავალ „ჰაბში“ გაზის სამხრეთიდან მიღების საშუალება. თავის დროზე _ 2005-2006 წლებში, ამ აზრს, სრულიად სამართლიანად, „მაგისტრა­ლური გაზსადენის“ პრივატიზაციის მოწინააღმდეგეები ავითარებდნენ. ეს იდეა სომხეთისთვის მისაღებია, რადგან ამ გზით ის თავის დიდი ხნის ოცნებას აისრულებს და პანევროპულ პროექტში ჩაერთვება. თანაც ერევანი რუსეთი­საგან ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროს და სატრანზიტო მოსაკრებ­ლებს მიიღებს. ამასთან, რუსეთიდან მისი გაზმომარაგება ჩვეულებრივ გაგ­რძელ­დება „მაგისტრალური გაზსადენის“ 700 მმ-იანი სათადარიგო მილით, რომლის სიმძლავრე სომხეთის დღევანდელ მოთხოვნილებას (2011-2015 წწ. ეს მაჩვენებელი საშუალოწლიურად დაახლოებით 2 მლრდ კუბმეტრი იყო) სრულად დააკმაყოფილებს.

სომხეთის გაზის სატრანსპორტო ქსელი „არმროსგაზპრომს“ ეკუთვნის _ სტრუქტურას, რომელსაც უერთდება ირანის ქალაქ თავრიზიდან სომხეთის ქალაქ მეგრიში შემომავალი 2.5 მლრდ კუბმეტრი წლიური წარმადობის გაზსადენი. „არმროსგაზპრომის“ აქციების 100%-ის მფლობელი რუსული „გაზპრომია“, ანუ ირანული გაზის იმპორტზე თუ ტრანზიტზე მოლაპარაკება „გაზპრომის“ გარეშე შეუძლებელია...

გამოყენებული ლიტერატურა

  1. პავლიაშვილი ს., გარაყანიძე ზ., 2013. გლობალიზაცია და ენერ­გეტიკული პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები, სამეცნიერო შრო­მების კრებული - თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, VI.
  2. პავლიაშვილი ს., გარაყანიძე ზ., 2014. საქართველოს სატრანზიტო დერეფანი, პრობლემები და პესრპექტივები, თბილისი;
  3. პავლიაშვილი ს., კიწმარიშვილი ბ., 2012. საქართველოს სატრანს­პორტო დერეფანი, როგორც საერთაშორისო ინტეგრაციის და ქვეყ­ნის კონკურენტიანობის ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორები, ,,ახალი ეკონომისტი”, №1, გვ.7;
  4. პავლიაშვილი ს., ჯანგულაშვილი ლ., 2013. ქართული ეკონომიკის ლა­ბი­რინთებში, ჟურნალი ,,ახალი ეკონომისტი”,№4, გვ. 27;
  5. პავლიაშვილი ს.,ჯანგულაშვილი ლ., 2012. ტრანსპორტი და კომუ­ნიკაციები, საქართველოს ეკონომიკა, გამომცემლობა ,,სიახლე”, თბ., გვ. 245.;